ქართული გუნდი You Saw The End, პოპულარულ ონლაინ მულტიფლეირ Mobile Legends-ის მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზეა. ეს პირველი ქართული გუნდია, რომელიც Mobile Legends-ში ასეთ წარმატებას მიაღწია.
You Saw The End ოფიციალურად 2019 წლის 28 ივნისს ჩამოყალიბდა, თუმცა, მისი წევრები Mobile Legends-ს მანამდეც თამაშობდნენ – 3 წლის განმავლობაში. მათი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება, 2020 წლის 15 აპრილს, 100 საუკეთესო გუნდში მოხვედრა იყო, სადაც, ამჟამად მე-10 ადგილზე არიან.
გუნდში სულ 9 მოთამაშეა: გიორგი ბურჯალიანი, გიორგი გენგაშვილი, მიშა ბექაური, გიორგი სინჯარაძე, ლუკა კაბოსნიძე, ნიკა კაბოსნიძე, ნიკა ბერუაშვილი, ნიკა ტალახაძე, ნიკა გელაშვილი, ვლად გელოვანი და ოთარი გაგიშვილი.
მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვედრას გუნდის მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს: თუ ისინი ამ რანკის შენარჩუნებას, ან გაუმჯობესებას, სეზონის ბოლომდე შეძლებენ, ვერიფიკაციას მიიღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს კლუბურ ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობის შანსი ექნებათ!
Mobile Legends MOBA-ს (მრავალმოთამაშიანი ონლაინ ბრძოლის არენა) სტილის თამაშია, რომელიც 2016 წელს გამოვიდა. მისი ავტორი დეველოპერული სტუდია Shanghai Moonton-ია. თამაშში ერთმანეთს ორი 5-კაციანი გუნდი უპირისპირდება და ცდილობს, მეორე გუნდის ბაზა გაანადგუროს. საკუთარ გმირებთან ერთად, მოთამაშეები ე.წ. ”მინიონებსაც” აკონტროლებენ, რომლებსაც სხვადასხვა დავალების შესრულება შეუძლიათ. თამაშში 6 როლი არსებობს: Marksman, Assassin, Mage, Support, Fighter, და Tank. ამჟამად, თამაშის მე-16 სეზონი მიმდინარეობს, რომელიც 20 მარტს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდება.
წყარო: Popsport