რატომ ვთამაშობთ ვიდეო თამაშებს

წარმოიდგინეთ, 10 საათიანი სამუშაო დღის შემდეგ ბრუნდებით სახლში, ფიზიკურად და მენტალურად გამოფიტული, დაზომბირებული როგორც თვითონ სამუშაო პროცესით, ასევე მისი ერთფეროვნებისგან გამოწვეული ტვინის ნაოჭების დაგლუვებით. თავისუფალი რამდენიმე საათის გატარების სულ რამოდენიმე ვარიანტი გაქვთ, უყუროთ მარტივად აღსათქმელ და სპეცეფექტებით გაჯერებულ ფილმს (სამუშაო დღის შემდეგ მაღალ მატერიებზე 3 საათიანი მსჯელობის ყურება ყველას როდი შეუძლია), წაიკითხოთ წიგნი (ორივემ ვიცით რომ ამას არ იზამთ), ან დაჯდეთ ტელევიზორის წინ და უყუროთ საინფორმაციო პროგრამებს (რაც ტვინის უჯრედების გენოციდს უტოლდება). სამივეს ერთი მნიშვნელოვანი საერთო დამახასიათებელი აქვთ, ყველა მათგანი პასიური საქმიანობაა და მომხმარებელთან ცალმხრივ მონოლოგს წარმოადგენს. შესაძლოა საკუთარი თავის მთავარ პერსონაჟთან იდენტიფიცირება მოახდინოთ კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ არანაირ გავლენას არ ახდენთ არც მის ბედზე და არც ისტორიის განვითარებაზე. თქვენ მხოლოდ დამკვირვებელის ფუნქცია გაკისრიათ. თუმცა, არსებობს ხელოვნების მედიუმი, რომელიც მომხმარებელს პროდუქტთან პირდაპირი ინტერაქციის საშუალებას აძლევს და ისტორიის მოყოლის და განცდის გამოცდილება სრულიად ახალ დონეზე აჰყავს, საუბარი ვიდეო თამაშებზეა.

ვიდეო თამაშების ინდუსტრიას წელიწადში 20 მილიარდი დოლარი მოაქვს. ბიუჯეტი, რომლებიც AAA თამაშებზე იხარჯება ნელ-ნელა უახლოვდება ჰოლივუდის ბლოკბასტერების სტანდარტებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი უკვე გადაუსწრო კიდეც (მაგ. GTA V, რომლის შექმნაც 265 მილიონი დოლარი დაჯდა, მეორეადგილოსანი კი Call of Duty: Black Ops-ია, 250 მილიონი დოლარით), ამავე დროს ინდი თამაშების დეველოპერების ხელქვეშ არსებული ინსტრუმენტები სავსებით საკმარისია, რათა ინდუსტრიაში ახალი სისხლის ნაკადი არ შეწყდეს და ჰოლივუდის მსგავსად იდეების ნაკლებობამ და რისკზე უარის თქმამ სტაგნაცია არ გამოიწვიოს.

ვიდეო თამაშები არა მხოლოდ ხელოვნების ყველაზე ახალგაზრდა მედიუმია, არამედ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ინოვაციური. ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი შეუიარაღებული თვალისთვისაც კი გამაოგნებელია და ეს მხოლოდ ტექნიკურ წინსვლას როდი ეხება. პერსონაჟები, სცენარი, მუსიკა – დღეს დღეობით ეს ყველაფერი იმდენად მაღალ დონეზე არის შესრულებული, რომ რამდენიმე წელიწადში ახალი ბლოკბასტერების სანახავად კინოთეატრებში სიარული საერთოდ აღარ იქნება საჭირო. უკვე დღეს არსებობს შესაძლებლობა რომ ამ ბლოკბასტერების მთავარი გმირი თქვენ თვითონ გახდეთ. ვიდეო თამაშები არა მხოლოდ იარაღის „საკუთარ ხელში“ აღების და ბრძოლაში გარდატეხვის მოხდენის საშუალებას გაძლევთ, არამედ მორალური დილემების წინაშეც გაყენებთ, რომელთა მსგავსებზეც პასუხისმგებლობის აღება რეალურ ცხოვრებაში არასოდეს მოგიწევთ. ამის საუკეთესი მაგალითი Mass Effect-ის ფრენჩაიზია (ტრილოგიის დაწერას ვაპირებდი, თუმცა ამ სტატიის წერის დროს მისი მეოთხე ნაწილის გამოშვების გეგმებზე შევიტყვე). Mass effect არა როგორც მხოლოდ თამაში, არამედ როგორც ხელოვნების ნიმუში სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს წარმოადგენს . პერსონაჟები, რომლებსაც აქ გაიცნობთ ნებისმიერი ავტორის შესაშური ქმნილებები არიან, ბატალურ სცენებს, რომელთა მოწმეები და მონაწილეები გახდებით, დიდ ეკრანებზე კონკურენტები არ ჰყავთ, ისტორია კი, რომელსაც თავად „დაწერთ“ იშვიათია თავისი მასშტაბებით და დახვეწილობით. Mass Effect არის ყველაფერი საუკეთესო რაც გეიმინგს შეუძლია შემოგვთავაზოს.

ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელსაც ვიდეო თამაშებზე საუბრის დროს „გარე დამკვირვებელი“ უშვებს ეს მათი საბავშვო სეგმენტისვთის მიკუთვნებაა, მაშინ როდესაც გეიმერის საშუალო ასაკი დღეს-დღეობით 35 წელს წარმოადგენს. შესაძლოა 90-იანებში, გეიმერების პირველი თაობა მართლაც დიდწილად ბავშვებისგან შედგებოდა, მაგრამ ინდუსტრიის ზრდასთან ერთად იზრდებოდნენ მისი მომხმარებლებიც. დღეს გეიმინგის ინდუსტრიის საფუძველს კვლავაც ის პირველი თაობა წარმოადგენს, რომელიც გაიზარდა, დასაქმდა, დაოჯახდა, მაგრამ ისევ აგრძელებს თამაშს. ამით აიხსენება თუნდაც ისეთი კომპანიებს მრავალწლიანი წარმატება, როგორც ნინტენდოა, რომელიც თავის მომხარებელს დღესაც ისევე, როგორც ათწლეულებს წინ, სუპერ მარიოზე და ლინკზე (Legend of Zelda) სთავაზობს თამაშებს. მათი მომხმარებლები ამ პერსონაჟებს ათწლეულებია იცნობენ და მათთან ნოსტალგიის ძლიერი გრძნობა აკავშირებთ.

ინოვაციურობისა, ინტერაქტიულობის და ნოსტალგიის გარდა არსებობენ ბევრად უფრო სტანდარტული ფაქტორებიც თუ რატომ სარგებლობენ ვიდეო თამაშები ზრდადი პოპულარობით – ესკაპიზმი, სოციალური ინტერაქცია და მიღწევის გრძნობა.

ესკაპიზმი ყველაზე მარტივი გასაგებია. სამყაროდან მოწყვეტისთვის ვიდეო თამაშები ყველაზე მარტივ საშუალებას წარმოადგენენ. წიგნის ნელი ტემპი ახალი თაობის მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებს, ვიდეო თამაშები კი ამ სამყაროდან თავის დაღწევის ყველაზე სწრაფ და ლეგალურ მეთოდს წარმოადგენენ და ამავე დროს აქტიური გართობის ათობით, თუ არა ასობით, საათს სთავაზობენ თავიანთ მომხარებელს.


ძალადობა ვიდეო თამაშებში ერთ-ერთი ყველზე პოპულარული თემაა. გეიმინგის ოპონენტებიც ამაზე აპელირებენ. რეალურად კი მთავარი პრობლემა სამყაროსგან თავის დაღწევის სურვილია. იშვიათია ხელოვნების მედიუმი, რომელსაც ხალხის მასიურად ჩათრევის ასეთი უნარი გააჩნდეს. ამას საკუთარი გამოცდილებიდან, კომპიუტერთან გათენებულ ღამეებიდან და ვირტუალური სამყაროს რეალურის წინ დაყენების შემთხვევებიდან გამომდინარე ვამბობ. ეს ყველაფერი და თავად ინდუსტრიის მიერ დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვები (რომლებსაც არც ერთი მშობელი არ აქცევს ყურადღებას) ცხადყოფს, რომ ვიდეო თამაშები სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის ბავშვებისთვის და საკუთარი აქცენტი ზრდასრულ ადამიანებზე აქვს გადატანილი, ისეთებზე, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი დროის განკარვის უნარი გააჩნიათ. მშობლებისთვის კი ისღა დამრჩენია სათქმელად, რომ შეხედონ რას თამაშობენ მათი ბავშვები, თავად განსაზღვრონ რამდენად შეეფერება ეს მათ ასაკს და თუ საერთოდაც კარგი დედ-მამობა სურთს დრო და დრო თავადაც აიღონ ხელში კონტოლერი/მაუსი.

რაც შეეხება სოციალურ ინტერაქციას და მიღწევის გრძნობას. ეს პირველი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ონლაინ თამაშების პოპულარობისა. აქ ცუდად განვითარებული სოციალური უნარების მქონე ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიცნონ მრავალი იგივე ინტერესების მქონე ადამიანი და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შეურაცხყოფა მიაყენონ მათ. ონლაინ თამაშების მეგობრებთან ერთად თამაში, სოციალური ინტერაქციის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს და მეგობრებთან უფრო ხშირად ურთიერთობის საშუალებას იძლევა. მიღწევის გრძნობაც ძირითადად ონლაინ თამაშებს ეხება (თუმცა არა ექსკლუზიურად), ხშირ შემთხვევაში ონლაინ გეიმერებს შეუძლიათ ათობით სააათი გაატარონ ისეთ რუტინულ საქმიანობაში, რომ შესაძლოა გაგიკვირდეს კიდეც, რა საჭიროა ამისთვის ვირტუალურ სამყაროში გადასვლა, პასუხი კი მარტივია – მიღწევები. ბევრ ადამიანისთვის 90 ლეველზე ასასვლელად ან იშვიათი აბჯარის შესაძენად დღეების ხარჯვა უფრო ადვილი და მისაღებია, ვიდრე იგივე დროის რეალურ სამყაროში რაიმე პროდუქტიულზე დახარჯვაა. ამის მარტივი მიზეზიც არსებობს, ვირტუალურ სამყაროში შედეგს უფრო სწრაფად აღწევ და უფრო ნათლად ხედავ. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომ ეს მიღწევა რეალურად არაფერს წარმოადგენს. ჯანქის მსგავსად ზოგჯერ გეიმერის ტვინსაც მხოლოდ შემდეგო დოზის მიღებაზე შეუძლია ფიქრი, გრძელვადიანი გეგმები მისთვის უმნიშვნელოა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გეიმინგის ყველაზე ბნელ მხარეს წარმოადგენს.

ბოლოს კი იგივე რჩევით დაგტოვებთ, როგორიც სულელური შეკითხვებით დაღლილ ექიმს შეეფერება, რომელსაც მობეზრდა ისეთ კითხვებზე პასუხების გაცემა, რომლებზეც პაციენტმა პასუხი ისედაც უნდა იცოდეს. მოიხმარეთ ვიდეო თამაშები ზომიერად რათა კონტროლის ქვეშ მოაქციოთ სტრესი, კვირაში რამდენიმე საათით მოწყდეთ რუტინას, განავითაროთ თქვენი წარმოსახვა, ნახოთ ახალი ადგილები, გაიცნოთ ახალი პერსონაჟები, მოისმინოთ ახალი ისტორიები და ამ ყველაფერთან პირდაპირი ინტერაქცია გქონდეთ. თუ გადააჭარბეთ დანიშნულ დოზას, მიიღებთ გემინინგ დიაბეტს, რომლის შემდეგაც თქვენი ცხოვრება ვიდეო თამაშების ყოველდღიური დოზის გარეშე წარმოუდგენელი გახდება, მათგან მიღებული სიამოვნებას უბრალო მოთხოვნილება შეცვლის და თამაში იგივე რუტინად გადაიქცევა, რომლისგანაც თავდაპირველად თავის დაღწევას ცდილობდით.

კომენტარები:

avatar
  გამოწერა  
შემატყობინეთ